კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გენდერის კვირეულს აღნიშნავს

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეები და მხარდამჭერები გენდერის კვირეულის აღსანიშნავად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეიკრიბებიან.
ღონისძიება, რომელიც 2 მარტს, 17.00 საათზე გაიმართება, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის მნიშვნელობას.
კამპანიის მონაწილე მამაკაცებს საშუალება მიეცემათ, შეახსენონ საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვისაც და კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა, რათა გენდერული თანასწორობის შესახებ წამოწყებულ საზოგადოებრივ დისკუსიაში მეტი მამაკაცი ჩართონ.
ღონისძიებას კამპანიის ასამდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის: პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მწერლები, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეები ისეთი თემების შესახებ ისაუბრებენ, როგორიცაა: მშობლების თანაბარი ჩართულობა შვილის აღზრდაში, მამობა, დეკრეტული შვებულების პოპულარიზაცია მამაკაცებს შორის და სხვა.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
კამპანია ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზს ეფუძნება და საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს ითვალისწინებს.
მამაკაცთა მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლიან მამაკაცებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.
არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით, კაცების 4%-ს თითქმის არასოდეს წაუკითხავს წიგნი საკუთარი შვილისთვის, მამების 13% -ი იშვიათად, ხოლო 6% – არასოდეს ესაუბრება მოზარდ შვილებს მათი პრობლემების შესახებ. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების, ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საქმეში, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით საზოგადოების გაძლიერებას.
მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.
ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები