საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მოძრაობას „დაინახე ყველა ფერი” შეუერთდა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული კამპანიის „დაინახე ყველა ფერი” პრეზენტაციას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იმართება და საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

მაკა ჩიჩუამ ღონისძიების ფარგლებში საგანგებოდ მოწყობილი რამდენიმე სივრცე დაათვალიერა, რომლებიც სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევის მიზნით მოეწყო და თითოეულს მასპინძლობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შშმ ბავშვებთან ერთად უწევდნენ.

ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა  კამპანიაში გაერთიანების შესახებ მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შეუერთდა და აღნიშნა:

„დღეს არის ანტისტიგმა კამპანიის პირველი დღე, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების იმ შესაძლებლობების გამოვლენას, რომელიც მათ ძალიან კარგად გამოსდით. მინდა მთელმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს ადამიანები, რომლებიც რაღაცით შეზღუდულები არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ სხვა ნიჭი გამოავლინონ. მინდა ყველამ გაიგოს, რომ სტიგმა არც გადამდებია და არც დაავადებაა”,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

აღნიშნული კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება.  ანტისტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ორი წლის განმავლობაში ჩაატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები