პრემიერ-მინისტრი მეცნიერ ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეცნიერის, ირანისტისა და დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
“ჯემშიდ გიუნაშვილი იყო ჩვენი ქვეყნის პირველი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და, როგორც ნიჭიერმა დიპლომატმა და ირანის ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნემ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოსა და ირანს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი დამსახურებაა ირანში ქართული დიპლომატიის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და გამორჩეული დამოკიდებულება. ჯემშიდ გიუნაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა ძვირფასია მისი შემდგომი თაობის ირანისტებისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მძიმეა ეს დანაკლისი ფერეიდნელი ქართველებისთვის, რომლებმაც მისი სახით დიდი გულშემატკივარი დაკარგეს. გულწრფელად თანავუგრძნობ ჯემშიდ გიუნაშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო”, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ქართველი ლინგვისტი, ირანისტი და მეცნიერი, ჯემშიდ გიუნაშვილი 1931 წლის 1 მაისს ირანში დაიბადა. 1994-2004 წლებში გიუნაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები