გიგი უგულავა: პარტია გაყოფის წინაშეა, ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან

„ეს პარტია აღარ არის ერთიანი, ეს პარტია გაყოფის წინაშეა”, – აცხადებს „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
გიგი უგულავა არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყრილობის 20 იანვარს ჩატარების მოწინააღმდეგეები პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებენ.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე თარიღი იქნება შეთანხმებული, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს.
„ეს პარტია აღარ არის ერთიანი. ეს პარტია გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას. ის, რომ ჩვენ – თანამოაზრეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ, რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები – აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები „ნაციონალურ“, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები