„როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ – ზურა აბაშიძის კრებულის წარდგინება გაიმართება

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ზურა აბაშიძის მოთხრობების სადებიუტო კრებულის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ „ლიგამუსში“ განუცხადეს, წარდგინების ორგანიზატორები არიან:  გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი.
კრებულში – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ უამრავ დასამახსოვრებელ, ცოცხალ პერსონაჟს შორის, სახლიდან წასულ მამასაც შეხვდებით; ასევე – სასწაულმოქმედ ტყუპებს: იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც, სინამდვილეში, იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს… ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი სევდიანი, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს, ყველა ადამიანსა თუ ამბავს ხედავ და ხვდები, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართვია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება.
კრებულს ავტორი, ზურა აბაშიძე, წარადგენს; მოდერატორია მაშო სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები