ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი საახალწლო გამოფენას ”ლურჯი სუფრა“ უმასპინძლებს

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი საახალწლო გამოფენას ”ლურჯი სუფრა“ უმასპინძლებს. ღონისძიება 28 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
გამოფენაზე ასევე გაიმართება ”ლურჯი სუფრის” კატალოგისა და გულსაკიდების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ექსპონატები წარმოაჩენს გზას, რომელიც ლურჯმა სუფრამ ისტორიულად განვლო ხალხური ხელოვნებიდან პროფესიონალი მხატვრების შემოქმედებამდე.
მუზეუმში დაცულ უძველეს ნიმუშებთან ერთად გამოფენილია მხატვრების – ა. კარიკოვასა და ა. კოსტიურინა-თავაძის მიერ 1930-1940-იან წლებში მუზეუმის ლაბორატორიებში შექმნილი ნამუშევრები, რომელთა შთაგონების წყაროს ტრადიციული ლურჯი სუფრა წარმოადგენდა.
დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა ხეში ნაკვეთ საბეჭდავებს (საჩითავებს), საბეჭდავებისთვის შექმნილი ორნამენტების ესკიზებსა და მუზეუმის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში დაჩითული ქსოვილის რამდენიმე ნიმუშს. ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტია, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოების ყველა სოციალური ფენისა და სტატუსის მოქალაქეთა მიერ.
განსაკუთრებით პოპულარული იყო ლურჯი სუფრების გამოყენება საახალწლო, სააღდგომო, ან სხვა სადღესასწაულო რიტუალთან კავშირში. ტრადიციული ლურჯი სუფრა წარმოადგენს ინდიგოს ლურჯ საღებავში შეღებილ ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დეკორატიული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკითაა დატანილი. ლურჯი სუფრის ორნამენტული დეკორი შეიცავს სიმბოლოებს, რომლებიც ქართული ყოფიდან, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიდან და ფოლკლორიდანაა გადმოსული.
15727016_1579192625430055_4161999183588896079_n 15697740_1579192335430084_1019831068535378059_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები