ხელოვნების სასახლეში საშობაო ზღაპარი იწყება

24 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ხელოვნების სასახლე საშობაო ზღაპარს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, საშობაო ზღაპარი სასახლეში მოსულ დამთვალიერებელს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. ამჯერად სასახლის დარბაზები ქართველ ხელოვანთა ჯგუფს ეთმობა, რომლებმაც ძველი ქართული ტრადიციები გააცოცხლეს და ჯადოსნური საშობაო და საახალწლო საჩუქრები შექმნეს.
გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული მინის სათამაშოები შეიძინონ, რომლებიც პოპულარული იყო როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნამდვილი ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა. ძველად ხომ თავადებისა თუ წარჩინებულ ადამიანთა ოჯახებში ახალი წლის მაგიდა ლურჯი ნატურალური ბამბის სუფრით იყო დამშვენებული. ავტორებმა გამოფენაზე წარმოდგენილი სუფრები ანალოგიური ტექნოლოგიით მოამზადეს და მასზე ის მნიშვნელოვანი ფიგურებიც დაატანეს, რომლებსაც ქართველების წარმოდგენით ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მოტანა შეეძლო.
გარდა ამისა, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს და შეიძინოს საშობაო და საახალწლო თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, სანათები, სამკაულები და სხვა საინტერესო ნივთები.
ვისაც სურს, ნაძვის ხეს XIX საუკუნის საახალწლო სათამაშოების მსგავსად, ანგელოზები, ქერუბიმები და სხვადასხვა სამუზეუმო ასლების შესაბამისად დამზადებული ჯადოსნური ფიგურები ამშვენებდეს, მაშინ საშობაო ზღაპარი სწორედ მათთვისაა.
საშობაო ზღაპარი 2017 წლის 6 იანვრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები