„ვინ გაიტანს თეფშებს“ – ცირა ყურაშვილის ახალი კრებულის წარდგინება გაიმართება

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, ცირა ყურაშვილის მოთხრობების კრებულის: „ჟამსა თამაშობისასა“ და წერილებისა და ესეების კრებულის: „ვინ გაიტანს თეფშებს“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებული „ინტელექტმა“ გამოსცა. მწერალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჭეშმარიტი მოქალაქეობა ისეთივე „საღმრთო“ საქმეა, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ღმერთმა ადამიანს ამ სამყაროს საპატრონებლად და გასამშვენებლად დაუნერგა.
ცირა ყურაშვილის ჩანაწერების, წერილებისა და ინტერვიუების კრებული მოქალაქეობის ამგვარ პრინციპებს შეახსენებს მკითხველს. ისინი საკუთარი ცხოვრების მრწამსითაა ნასაზრდოები და შემოქმედის სურვილიც თვალსაჩინოა – ადამიანებმა გაიხსენონ თავიანთი მთავარი მოვალეობა, იყვნენ უფრო მეტად მოქალაქენი, უფრო მეტად ადამიანები – ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის წინაშე.
კრებულში ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მძაფრი ეპიზოდების რეტროსპექტივაა გაშლილი – განსჯის, ფიქრისა და დიალოგის ფონზე. მათში ყველა საკუთარ ტკივილს იპოვის; იმ კითხვებსაც წააწყდება, რასაც ხშირად უსვამს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც; პასუხებსაც მიაგნებს, როცა წიგნს ღრმად და პირუთვნელად ჩააკვირდება…
ცნობისათვის: 23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები