„ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ – საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში  ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი – მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 1916-1917 წლებში სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი ერთვება საისტორიო- საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებების მიერ ეროვნული კულტურის შესწავლა-გადარჩენის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში და მათი დავალებით ასრულებს შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლებს.
ამ დროიდან ლადო გუდიაშვილი თავად ქმნის კედლის მხატვრობას ტფილისის მოდერნისტულ არტ-კაფეებსა და კლუბებში (მათ შორის, 1919 წელს ქართველ მწერალთა არტისტულ კაფე-კლუბ „ქიმერიონში“). ლადო გუდიაშვილი პარიზშიც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ წყვეტს მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაუდევრობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ 1946 წელს მოხატული ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხეველი.
გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე, თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.
გამოფენა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები