გამოფენა „იდენტურობის ფორმირება” გაიხსნება

24 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, გაიხსნება გამოფენა  „იდენტურობის ფორმირება”.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების გამოფენას. “იდენტურობის ფორმირება” 2016 წლის ივნისში კიევში ჩატარდა და „თანამედროვე ხელოვნების გალერეის ” პროექტის პირველ გამოფენას წარმოადგენდა.
გამოფენა ფოკუსირებულია ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებზე, რომლებიც გვიჩვენებენ ქართული თანამედროვე ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობას და მასში ექსპერიმენტების სხვადასხვა დონეს. გამოფენაში მონაწილეობს უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე შვიდი ქართველი ხელოვანი: ლევან მინდიაშვილი, ანა ჩადუნელი, თამარ მჭედლიშვილი, დავით მესხი, გიორგი ტაბატაძე, ანა ზირაქაშვილი და გიო სუმბაძე.
თითოეული არტისტი თავის კონკრეტულ სამყაროს წარმოგვიდგენს, სადაც ადამიანები ფუჭი ოცნებით ცხოვრობენ, ცვლილებების პროცესში მყოფი ქვეყნის, საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებში. ექსპერიმენტების მრავალფეროვნებით ავტორები კულტურას თავისი განსხვავებული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში წარმოგვიდგენენ.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა”, ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით.
გამოფენა ,,იდენტურობის ფორმირება” 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები