წიგნის საახალწლო ფესტივალი: თომას მანისა და ჰერმან ჰესეს „პირადი მიმოწერის“ წარდგინება გაიმართება
24 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება თომას მანისა და ჰერმან ჰესეს „პირადი მიმოწერის“ წარდგინება. წიგნი გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი გამომცემლობა „ინტელექტისა“ და ელექტრონული წიგნების მაღაზია „lit.ge“-ს ერთობლივი პროექტია.
გერმანული (და მსოფლიო) ლიტერატურის კლასიკოსების – თომას მანისა და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერა თანაბრად აქტუალური საკითხავია ლიტერატორებისთვის, კულტუროლოგებისთვის, სოციოლოგებისთვის.
დიდი მწერლების ამ ეპისტოლურ დიალოგში, არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატები მოიაზრება, არამედ მთელი ეპოქა, ადამიანები, სახელმწიფოები, ვინც დაძაბულ და ექსტრემალურ დროში მთავარი ფასეულობების გადასარჩენადაა მომართული.
მიმოწერაში მკაფიოდ იკითხება თავად მწერლების პირუთვნელი, მტკიცე და უკომპრომისო ხასიათი, მათი დიდსულოვნება ადამიანის ბედის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტების მიმართ. ამ წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ ცხოვრობენ დიდი მწერლები, რისგან შედგება მათი პირადი ბიოგრაფია, რა მასშტაბებისაა მათი თუნდაც ჩვეულებრივი, ყოფითი ნაბიჯები, რომლებითაც, საბოლოოდ, კაცობრიობა პროგრესის გზას გადის.
აქვე გაცნობებთ, რომ 23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდზე კი, საგანგებოდ ფესტივალისთვის გამოცემული ახალი წიგნები და განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდება მკითხველს.