გიორგი ოვაშვილს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭება
20 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება გიორგი ოვაშვილის დაჯილდოების ცერემონია. ქართველ რეჟისორს საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭება. ამ ინფორმაციას რეჟისორის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის, ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, გიორგი ოვაშვილს ამ წოდებას საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე გადასცემს.
გიორგი ოვაშვილის სახელი ფრანგული კინოსამყაროსთვის ნაცნობია. რეჟისორს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ფრანგებთან. მისი „სიმინდის კუნძულიც“ სწორედ ფრანგულ კინოკომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.
„სიმინდის კუნძული“ 2014 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის – ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, მომდევნო წელს კი, „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის „შორთლისთში“ მოხვდა. მთლიანობაში, ფილმი 35 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
რეჟისორის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა.
ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდებაზე გიორგი ოვაშვილი საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა – ფრედერიკ ბრედინმა წარადგინა.
ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა. სხვადასხვა წლებში ეს სტატუსი ტიმ ბარტონს, ენგ ლის, ჯუდ ლოუს, ჯორჯ ქლუნის, უმა თურმანს, მელანი ლორანს, ქეით ბლანშეტს, მარიონ კოტიარს, ვანეს პარადის, კაილი მინოუგს და შაკირას მიენიჭათ.
დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სამინისტროსა და კინოსფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.