„ვეფხისტყაოსანს“ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები წაიკითხავენ

20 დეკემბერს, 16.00 საათზე, შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ, „მეგობრობის სახლში“ „ვეფხისტყაოსნის“ საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა, მეგობრობის სახლის დირექტორმა ნანა ნიკოლაძემ განუცხადა, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. საღამოზე ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“, კერძოდ, თითოეული დიასპორის წარმომადგენელი ავთანდილის ანდერძიდან წაიკითხავს 2-2 სტროფს ქართულ და მშობლიურ ენებზე. თარგმანს წაიკითხავენ: სომხურ, ლატვიურ, უკრაინულ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, ბერძნულ, ოსურ, ებრაულ, ქურთულ, აზერბაიჯანულ ენებზე. პარალელურად შოთა რუსთაველისა და ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ფოტოგამოფენა გაიმართება.
საღამოზე მიწვეულნი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი…
ასევე, საღამოს დაესწრებიან რუსთაველის პრემიის ლაურეატები, ქართული მწერლობის, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლიდერი ქალბატონები, თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა და დისაპორის წარმომადგენლები, თსუ-ს და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები; რუსთაველის სახელობის N112 და N 23 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები