ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივან იშტვან ლეპშენს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის – ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის სფეროებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უნგრული ბიზნესისთვის. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებზე.
გენადი არველაძემ და იშტვან ლეპშენმა ყურადღება გაამხვილეს ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 76 %-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით კი, ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 %-ით მოიმატა.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიესალმა უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებისა და ახალი მიმართულებების დამატების შესახებ. გენადი არველაძის განაცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებში. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკური ზრდის, კერძოდ, ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები