კახა კალაძე: საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება

“საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კახი კალაძემ და “ანადოლუ ჯგუფის” დამფუძნებელმა, თუღბან იზზეთ აქსოიმ “ხელედულა-3” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება. მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდეს .
“ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას. ეს არის 50 მეგავატის სიმძლავრის ხელედულა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და მას განახორციელებს თურქული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დაასრულა ფარავნის ჰიდროელექტროსადგური. მე მივესალმები ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ეს ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის წინსვლას, ასევე, ჩვენ გვექნება საკუთარი ელექტროენერგია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ხელედულა-3” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში , ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე იგეგმება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ.-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250 მგვტ./სთ. იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები