საქსტატი: საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 4,4%-ით გაიზარდა

“საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 4,4%-ით გაიზარდა და 10832,5 მილიონი კვტ. სთ შეადგინა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო დღეს აქვეყნებს.
”საქსტატის” ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში მოპოვებულია 40,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით, 5,6%-ით ნაკლები), 305,9 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით, 2,2%-ით მეტი) და 11,4 მილიონი მ.3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით, 10,7%-ით მეტი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში წარმოებულია 2124,6 ათასი მ.3 შეშა (წინა წელთან შედარებით, 14,2%-ით ნაკლები). სტრუქტურაში უდიდესი წილი (61,9%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (26,0%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 32,7% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30,5%) და ელექტროენერგია (20,8%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 9,5%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,5% მოდის ქვანახშირზე.
”სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,1%. 2015 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 28,9% მოდის შინამეურნეობებზე, 19,9% – მრეწველობაზე, 2,3% მშენებლობაზე, ხოლო დარჩენილი 13,8% – კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება”, -ნათქვამია ”საქსტატის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები