დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ეტიკეტის ხელოვნება” გაიმართება

20 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ეტიკეტის ხელოვნება” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული ღვინის ეტიკეტების პირველ ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ღვინოების 200-მდე ეტიკეტი.
საქართველოში მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში მოღვაწეობდნენ: გიორგი ბოლქვაძე, დავით სარაჯიშვილი, ზაქარია ჯორჯაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მუხრან ბატონი, აშილ მიურატი, დიმიტრი ყიფიანი, ფილიპე ჭელიძე, კაცია ადანაია, გიორგი დანელია, ძმები კოსტავები, ჩაჩიბაიები და სესიაშვილი.
მათი დამზადებული ღვინო, კონიაკი, შამპანური, არაყი, შემაგრებული ღვინოები, ძმარი და ყურძნის წვენი მოთხოვნადი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის იმპერიაში, ამერიკასა და ევროპაში. მათი მიერ წარმოებულმა ღვინოებმა მოიპოვეს არაერთი გრან-პრი, ოქრო, ღირსების მედლები და დიპლომები.
ქართული ღვინის წარმატებას ხარისხთან ერთად მისი დიზაინიც განაპირობებდა. იმ დროისთვის მაღალპოლიგრაფიული შესრულების ეტიკეტებს ბეჭდავდნენ საქართველოში (კონსტანტინე მესხიშვილის, ექვთიმე ხელაძის, არსენ კალანდაძის სტამბებში), ლოძის, ვარშავის, ბაქოს, ვილნიუსისა და სხვა ქალაქების სტამბებში.
გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის ეტიკეტების კოლექცია, დიმიტრი ყიფიანის გრან-პრი და დიპლომი, ეტიკეტები კერძო კოლექციებიდან. ასევე, ადრეული კონიაკის ნიმუშები დავით სარაჯიშვილის კოლექციიდან.
პროექტი ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით.
პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კინოფესტივალი ,,კინოვინო”.
გამოფენა „ეტიკეტის ხელოვნება” 2017 წლის 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის კურატორია ნინო კაჭარავა, გამოფენის კონსულტანტები: ბონდო კალანდაძე, გიორგი სარაჯიშვილი.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები