დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდი დოლარს გადააჭარბა
ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 2.0 მილიარდ დოლარს, რაც მისი თქმით, 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.638 მლნ კაცი.
„მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103% 2012 წელთან მიმართებაში. რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით„ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი, 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.