„საგანძური მცხეთის მუზეუმიდან“ – გამოფენა გაიხსნება

14 დეკემბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა „საგანძური მცხეთის მუზეუმიდან“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მცხეთის ტერიტორიაზე, მცხეთასა და მის შემოგარენში, ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, რომელიც დაცულია დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში. ასევე გამოიფინება ქართლის სამეფოში, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარხებში აღმოჩენილი ოქრო-ვერცხლის სამკაული.
გამოფენა, რომელიც 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ცნობისათვის: არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში დასახლების არსებობას ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანიდან ადასტურებს. ქართულ წყაროთა მონაცემებით და მეცნიერთა აზრით, ძვ. წ. III საუკუნისათვის სამოსახლოები ერთ დიდ ქალაქად – „დიდ მცხეთად” გაერთიანდა. მტკვრისა და არაგვის ხეობებში გაშლილი, მთებით გარშემორტყმული “დიდი მცხეთა” კოლხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ გზათა შესაყარზე მდებარეობდა. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, მათ შორის აბრეშუმის გზა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებს დასავლეთს უკავშირებდა.
ოქრომჭედლობის ნიმუშები ისტორიული დიდი მცხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანულ სამარხებში გვხდება (ძვ.წ. XVII-XVI სს., სამთავრო). ძვ.წ. VII-V საუკუნეების სამარხებში (ნარეკვავი, სათოვლე-ნაბაღრები) მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. უმეტესი ნაწილი ოქრომჭედლობის ნიმუშებისა გვიანრომაული პერიოდისაა (ახ.წ. II-IV სს). ეს ოქროსა და ვერცხლის დიდი ოსტატობით დამუშავებული მაღალმხატვრული სამკაულია, რომელიც მრავლად დასტურდება ქართლის სამეფოს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარხებში.
ქართლის სამეფოს (იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა აღმოსავლეთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო, ამიტომ აქ თავმოყრილია დედაქალაქობის ხანის (ძვ.წ. IV-III სს – ახ.წ. IV-V სს) უმნიშნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლები. ქალაქ მცხეთის სავაჭრო მაგისტრალთა გასწვრივ მდებარეობამ და საქალაქო მშენებლობის განვითარებამ გამოიწვია ვაჭარ-ხელოსანთა ფენის დაწინაურება. განვითარდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის ოქრომჭედლობა, მინის წარმოება, ტორევტიკა. ოქრომჭედელთა ფენის არსებობაზე მიუთითებს სამთავროს სამაროვანზე, ერთ-ერთ სამარხში გამოვლენილი საოქრომჭედლო სასწორ-საწონები, სარკინეში აღმოჩენილი ჩუქურთმოვანი ტვიფრები, მხატვრულ ნაწარმთა დაუმუშევებელი ნიმუშები და ტიგელის ნაწილები.
ოქრომჭედელთა ფენას უნდა მიეკუთვნოს ჭრილა ქვების – გემების დამამზადებელი ოსტატებიც. ოქროს სამკაულთან ერთად მძივები დიდი მცხეთის თითქმის ყველა პერიოდის სამარხეული კომპლექსების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. ისინი გამოირჩევიან მასალისა და ფორმის მრავალფეროვნებით. დედაქალაქობის ხანის მცხეთაში საკმაოდ განვითარებული ჩანს მინის წარმოებაც. საქალაქო ცხოვრებისა და დამწერლობის განვითარებას გვიდასტურებს მცხეთაში აღმოჩენილი, IV-V საუკუნეებით დათარიღებული, აბრამ სარას ძის ოქროს ამულეტი (ავგაროზი), რომელზედაც არამეულით შესრულებული ებრაული შელოცვაა ამოკვეთილი, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები