„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – ვენეციური მუსიკის საღამო გაიმართება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება და 9 დეკემბერს ქართველ მსმენელს „ჩელისტი დავიდე ამადიოს – ნამდვილი როკვარსკვლავის“ კონცერტს სთავაზობს. კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, 19:30 საათზე, გაიმართება.15387517_10207415915708291_806754025_o
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 9 დეკემბერი ვენეციური ბაროკოს დღეა და მთელი საღამო ვენეციურ მუსიკას დაეთმობა. ვენეციელი ვირტუოზი ჩელისტი – დავიდე ამადიო კონცერტის პირველ განყოფილებაში სოლო პროგრამით წარდგება ქართული აუდიტორიის წინაშე, ხოლო მეორე განყოფილებაში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად შესრულდება ვივალდის და ტარტინის ნაწარმოებები ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
ეს საღამო გამორჩეული იქნება იტალიური ექსტრავაგანტული, ვირტუოზული და ხალისიანი მუსიკით, რომელიც ერთნაირად დააკმაყოფილებთ პროფესიონალებსა და მუსიკის მოყვარულებს.
კონცერტს წინ უძღვის ლექცია-შესავალი, სადაც ექიმი და მუსიკის მოყვარული დავით გიგინეიშვილი კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში მსმენელებს მოუყვება იმ კომპოზიტორების და ნაწარმოებების შესახებ, რომელსაც იმ საღამოს კონცერტზე მოისმენენ.
დავიდე ამადიო დაიბადა ვენეციაში 1971 წელს. 7 წლის ასაკში დაიწყო ჩელოზე დაკვრა. დაამთავრა ბენედიტო მარჩელოს კონსერვატორია ადრიანო ვენდრამელის კლასში. მან გერმანიაში მიხაილ ფლაქსმანთან სრულყო დაკვრის ხელოვნება და ჩიგიანა დი სიენას აკადემიაში მიშა მაისკის ხელმძღვანელობით დიპლომი მიიღო. დავიდე ამადიო მრავალი ეროვნული ჯილდოს მფლობელია, როგორიცაა ვიტორიო ვენეტო (ბიელა), Rovere D’oro, ოქროს მედალი პირველ ოლიმპიადაზე (აბანო). 1990 წელს დავიდემ გადაწყვიტა შესრულების სრულყოფა ბაროკოს მუსიკაში. მის მნიშვნელოვან მიღწევებში შედის მონაწილეობა მელბურნის და ბაიროითის ფესტივალებზე, პრაღის მუსიკალურ ფესტივალზე – “Václav Hudeček”; კონცერტები აქვს გამართული სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში, “ოსაკას ფილარმონიის დარბაზში”, „the Suntory Hall“-სა და ტოკიოში „Kjoi Hall“, ასევე „Colon Buenos Airers“. მან შექმნა არაერთი CD და DVD, რომელიც მოიცავს მუსიკას ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული, როსინითა და პაგანინით დამთავრებული. “Lonely Planet-მა” რომელიც ვენეციის გზამკვლევია, მთელი თავი მიუძღვნა სახელწოდებით: „ჩელისტი დავიდე ამადიო, ნამდვილი მომავალი როკვარსკვლავი…“15388660_10207415920108401_449916352_o
იტალიელი მუსიკოსის გარდა მსმენელები მოისმენენ უძველესი საკრავის – თეორბოს მომაჯადოებელ ჰანგებს, რომელზეც ფესტივალის ფრანგი სტუმარი – ეტიენ გალეტიე შეასრულებს. 2000 წელს, შალონ-სიურ-სონში (ბურგუნდია), კლასიკური გიტარის კლასის დამთავრების შემდეგ, ეტიენ გალეტიემ მოიპოვა პარიზის უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის პირველი პრემია. მოგვიანებით მან სწავლა სტრასბურგის კონსერვატორიაში, პაბლო მარკესთან გააგრძელა.
რამდენიმე წლის შემდეგ ბარსელონაში, კატალონიის მუსიკის უმაღლეს სკოლაში (ESMUG), ცნობილი ხორვატიელი მუსიკოსის, ზორან დუკიჩის ხელმძღვანელობით დაიცვა დიპლომი. 2005 წელს ეტიენმა გადაინაცვლა ლიონის ნაციონალურ კონსერვატორიაში (CNSMD) და უმაღლესი შეფასებით დაიცვა მაგისტრის ხარისხი ძველი მუსიკის განხრით (საკრავი – თეორბო).
არტისტის რეპერტუარი მრავალფეროვანია. ის თანაბრად ფლობს გიტარას, ბარბითს (ლუთნა), არქი-ლუთნას, თეორბოსა და ბაროკო-გიტარას. ეტიენ გალეტიე თანამშრომლობს ევროპის ძველი მუსიკის ცნობილ ანსამბლებთან, როგორიცაა: La symphonie du Marais, Les musiciens de Saint Julien, Les Ambassadeurs, Philomnle, Les Ombres, la Chiome d’Oro, l’ensemble Marguerite Louise, Unisoni, Stravaganza და სხვა. იგი ხშირად თანამშრომლობს „საქართველოს სინფონიეტასთან“ და წელს უკვე მეორედ მონაწილეობას „თბილისის ბაროკო ფესტივალში“.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია) და ეტიენ გალეტიე (თეორბო, საფრანგეთი) ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია, ხოლო მუსიკოსებს მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ჩაეწერონ წინასწარ (514 177-117).
კონცერტების ბილეთები იყიდება რუსთაველისა და „სინფონიეტა სთეიჯის“ (სანაპიროს ქ. №4, შენობა 2) სალაროებში, აგრეთვე ონლაინ: www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები