წიგნები საჩუქრად „საბასგან” – თბილისის ავტობუსის გაჩერებებზე

პირველად საქართველოში, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ, ქუჩაში ჩამოტვირთონ ელექტრონული და, მათ შორის, ხმოვანი წიგნები. წიგნის ჩამოტვირთვა მკითხველებს თბილისში, 70 სხვადასხვა გაჩერებაზე შეუძლიათ.
ეს გაჩერებები მგზავრებისა და ქუჩაში გამვლელებისათვის ადვილად ამოსაცნობია. „თი-ბი-სი ბანკის“ პროექტის #წერექართულად დიზაინით გაფორმებულ გაჩერებებზე წარმოდგენილია „საბას” წიგნის QR კოდი, რომლის დასკანერების საშუალებით შესაძლებელია ამ წიგნის საჩუქრად მიღება.
ნებისმიერი ადამიანი თავის ტელეფონში, აპლიკაცია Saba Raader-ის საშუალებით შეძლებს, უფასოდ ჩამოტვირთოს ელექტრონული წიგნი „საბას” ელექტრონული წიგნების სახლიდან. ეს წიგნი განთავსდება Saba Raader-ში, მის პირად ბიბლიოთეკაში.
ყველა გაჩერებაზე შესაძლებელია ერთი და იგივე წიგნის საჩუქრად მიღება. სასაჩუქარე წიგნი ყოველთვიურად შეიცვლება.
დეკემბერში გაჩერებებზე მგზავრები „საბასგან” საჩუქრად მიიღებენ ხმოვან წიგნს „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები”. ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები – მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, მერაბ გეგეჭკორი.
ხმოვანი წიგნის ჩამოტვირთვას მგზავრები შეძლებენ საკუთარი სმარტფონის 3G ინტერნეტით – აპლიკაციაში Saba Reader არსებული QR წამკითხველის მეშვეობით. თუმცა, იმისათვის, რომ ხმოვანი წიგნი პირადი ონლაინ ბიბლიოთეკიდან უშუალოდ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიტვირთოს, ამისათვის ერთჯერადად დაჭირდებათ WiFi. ამის შემდეგ წიგნის მოსმენა უკვე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი
იანვარში სხვა ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვას შეძლებენ, იგივე QR კოდით და იმავე პროცედურით. ლიტერატურა, რომელსაც „საბა” მკითხველებს შესთავაზებს, მრავალფეროვანი იქნება, მკითხველს შეეძლება იკითხოს, ან მოისმინოს როგორც ქართული, ისე უცხოური (ქართულად ნათარგმნი) პოპულარული წიგნები – ელექტრონული თუ ხმოვანი.
ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია საქართველოში პირველად „საბამ” შექმნა და ამ დროისათვის saba.com.ge-ზე 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები