ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით, პროკურატურისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

გასული წლების მსგავსად, 2016 წელს, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო საბჭოსადმი წარდგენილ ანგარიშში ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისა და მასზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც 2014-2015 წლების განმავლობაში ამ დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული არაერთი კამპანიის შედეგია.
„სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 58, 2013 წელს – 236, 2014 წელს – 550, 2015 წელს – 1066, ხოლო 2016 წლის 9 თვეში – 989 პირის მიმართ. სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრია ამ კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციის/განრიდების გამოყენება იშვიათად ხდება, კერძოდ, 2016 წლის განმავლობაში განრიდება გამოყენებულ იქნა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ 5 პირის მიმართ. მიმდინარე წელს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართულებით მომუშავე პროკურორთა ჯგუფმა ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. გარდა ოჯახური დანაშაულისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) და სსკ-ის 1501 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე (ქორწინების იძულება).
ამ კუთხით გადამზადება გაიარეს პროკურატურის საშუალო რგოლის მენეჯერებმაც.დამატებითი ტრენინგები დაგეგმილია როგორც პროკურორებისთვის, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის. ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში “ადგილობრივი საბჭოს“ და “საზოგადოებრივი პროკურატურის” პროექტების ფარგლებში“, -აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები