12 წელი ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან – სასამართლო პროცესები დასასრულს უახლოვდება

„ჩემი შვილი პროზექტურაში იყო, როცა სახლში ნიღბიანები შემომივარდნენ და სახლის გაჩხრეკა სცადეს. მე მაშინ ჯერ არ ვიცოდი თუ ბუტა აღარ მყავდა“, – ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 12 წელი გავიდა.
2004 წელს თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა „კვირასთან“ ტრაგედიის დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს. ია მეტრეველი გამოძიების დასრულებას ელოდება.

„ბავშვმა, რომ დაიგვიანა, მთელი ღამე ვეძებდით. მსგავსი შემთხვევა სხვა დროს არ გვქონია, მობილური ტელეფონი არ წაიღო, ისე გავიდა სახლიდან, მეგობრებმა გამოუარეს. ყველას უარს ეუბნებოდა, მთელი დღე სახლში იყო და ამ ბიჭებს გაჰყვა. დილით ჯერ კიდევ არ ვიცოდით თუ უკვე გარდაცვლილი იყო.

უამრავი ადამიანი მოვიდა ჩვენთან, რომ ბუტას ამბავი გაგვერკვია. ამ დროს სახლში ნიღბიანები შემოვარდნენ, ალბათ იარაღის ან ტყვიების ჩადება უნდოდათ, მაგრამ ამდენი ხალხი რომ დაინახეს, ვერ გაბედეს. დაგვიმალეს და არ გვითხრეს, რომ, თურმე ჩემი შვილი მოკლული იყო, მხოლოდ ის თქვეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო 5 ბიჭთან ერთად დააკავეს. მოგვიანებით ნაცნობმა დარეკა პროკურატურიდან და იმან გაგვაგებინა”, – იხსენებს ია მეტრეველი 2004 წლის 23 ნოემბრის ტრაგედიას.

პროკურატურამ ძიება უკვე დაასრულა. საქმე ამჟამად სასამართლოში გრძელდება. 21 ნოემბერს ჩანიშნული პროცესი გადაიდო.

ია მეტრეველს სასამართლოს ობიექტურად წარმართვის იმედი აქვს. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც საუბრობს.
buta

“მოსამართლე მგელიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ამიტომ საქმის განხილვას აჭიანურებდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით კეთილგონივრულად მოიქცევა, რადგან ეს იმედი გადაეწურა. დამნაშავეები არიან პატრულის ის თანამშრომლებიც, რომლებიც შემთხვევის დროს ტრაგედიის ადგილზე იყვნენ.

მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, მართალია უკვე თავდაცვაში გადადიოდა და მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ უწყებიდან წავიდა, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობას არ არიდებს.

მე ვეცადე მასთან მესაუბრა ჯერ კიდევ მისი პარიზში ყოფნის დროს, მაგრამ თავი აარიდა ამ საუბარს. დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილიც, მათ არ შელახეს პატრულის ღირსება და ბოლომდე გაწირეს ბიჭები”, – ამბობს ია მეტრეველი.

სასამართლო პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება, დახურულია. პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გახსნის თაობაზე, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. მორიგი სასამართლო პროცესი 16 დეკემბერს გაიმართება. 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, სამართალდამცავებმა 19 წლის ბუტა(ამირან) რობაქიძე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები