თბილისის არქიტექტურის სამსახურში სტაჟიორთა პროგრამა დაიწყო

თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად დაესწრო.
პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში.
ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.
არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
„ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა ჩაერთოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი 2016 წლის 15 სექტემბერს გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140 კანდიდატის განაცხადი განიხილა, გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.
სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები