ირაკლი კობახიძე: ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოში გასული და მომდევნო 4 წლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული 4 წლის მანძილზე საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით განსაკუთრებული ფუნდამენტალური წინსვლა განიცადა.
კობახიძემ პირობა დადო, რომ მთელს ძალისხმევას ხალხსა და სამშობლოს წინსვლას მოახმარს.
„გასული 4 წლის მანძილზე საქართველომ განიცადა განსაკუთრებული ფუნდამენტალური წინსვლა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. აუცილებელია ამ მიღწევის კიდევ უფრო გამყარება და ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტის პერმანენტული ამაღლება, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს.
საქართველოს პარლამენტს, როგორც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების სისტემის შექმნაში იმგვარი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს – პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას სასამართლოს ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. მხოლოდ ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში შეძლებს თითოეული კონსტიტუციური ორგანო და რაც მთავარია, მთლიანად სახელისუფლებო სისტემა ჯეროვან და ეფექტურ სტაციონირებას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა, სწორედ ამ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს პარლამენტმა უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი ფორმატი, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის ფართო ჩართულობისა და ფართო კონსესუსის საფუძველზე მოგვცემს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას.
დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი. ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება. პოლიტიკური პარტიების მიერ გამოვლენილი სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მათი დასავლური სტანდარტებით მოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის პროცესს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში. ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას.
ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან, თუნდაც ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის შემდგომი განვითარებისთვის. დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემ ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ“, – განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები