ირაკლი კობახიძე: პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც ჩემ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში კეთდებოდა

პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემ მიერ კეთდებოდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ტუღუშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ტუღუში დაინტერესდა, შეიცვლის თუ არა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იმ რიტორიკას, რასაც კობახიძის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ მძაფრი განცხადებების გაკეთება აუცილებელი იყო, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის სიმწვავით ყოფილიყო მიწოდებული სიმართლე.
მისივე თქმით, ის აბსოლუტურად ნეიტრალური იქნება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და ყველა პარტიასა და დეპუტატს მიეცემა მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო მუშაობაში.
“პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც ჩემ მიერ კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და პასუხს ვაგებ თითოეული ამ განცხადების საფუძვლიანობაზე. რაც შეეხება განცხადებათა სიმძაფრეს, ეს სიმძაფრე იყო აუცილებელი იმ გარემოში, რომელიც ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იყო მთელი სიმწვავით სიმართლის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის და სწორედ ამ სიმართლემ მისცა ჩვენს მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, იმ არჩევანისა, რომლის შედეგიც არის დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა.
რაც შეეხება ჩემს სამომავლო საქმიანობას – კიდევ ერთხელ დავადასტურებ მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური იმ საქმიანობაში, რასაც ჰქვია ჩემი საპარლამენტო საქმიანობა – ძალიან კარგად მესმის თუ რა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის როლი, მისი ფუნქცია და აქედან გამომდინარე ჩემს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მესახება იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას და თითოეულ დეპუტატს, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მიეცეს მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო მუშაობაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს იქნება ჩემი პათოსი და სწორედ ამ პათოსით ვიმუშავებ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ჩემი არჩევის შემთხვევაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები