შრომა სიცოცხლის ფასად

-ფაქტი-

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დიდ კომპანიაში მუშაობთ, სადაც თქვენ გარდა კიდევ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია საკმაოდ პრესტიჟულია. კარგია ის პროდუქტიც, რომელსაც ის აწარმოებს. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია, რადგან პრესტიჟულობას, მომხმარებლის ნდობას და ხარისხს, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც მოჰყვება, რაც პირდაპირ განაპირობებს შემოსავალს და მოგებას.
თქვენი მენეჯერები პრინციპულები არიან. ზრუნავენ ხარისხის გაუმჯობესებაზე თუ არა, შენარჩუნებაზე მაინც. სისტემატურად მართავენ შეხვედრებს, იძენენ ახალ პარტნიორებს, ესწრებიან სხვადასხვა კონფერენციას და სემინარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
თქვენ, კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რგოლი ხართ, რომელსაც გამუდმებით ეუბნებიან, რომ კარგი თანამშრომლისთვის სამსახური ოჯახი უნდა იყოს. ადგილი, სადაც სიხარულით უნდა მიდიოდეს და სიხარულითვე ბრუნდებოდეს. მენეჯერები შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას გთხოვენ, დროის ეფექტურად მართვას, ორგანიზებულობას და პუნქტუალობას. დაგვიანება, ცუდი დისციპლინის ნიშანია, გამუდმებით საათზე ყურება კი სამსახურის მიმართ გულგრილობის ტოლფასი.
თქვენც იზიარებთ ყველა იმ წესთა ერთობლიობას, რომელიც სამსახურის კეთილდღეობას უკავშირდება, თუმცა, ამავდროულად, იმ საფასურზეც ფიქრობთ, რომელსაც დამსაქმებელი შრომის სანაცვლოდ გთავაზობთ…
თუ საქართველოს შრომის კოდექსს გაეცნობით, იქ ნათლად წერია, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოიშობა, სადაც დამსაქმებელი ვალდებულია, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესდება აღასრულოს. მათ შორის:
სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, ხოლო ცვლებს შორის დასვენება 12 საათი მაინც უნდა იყოს. დანარჩენ დროს შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთური შრომაა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.
დამსაქმებელმა ასევე უნდა აანაზღაუროს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯებიც და გასცეს შვებულება, რომელიც 24 სამუშაო დღით განისაზღვრება.
გარდა იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელთა სრულყოფილი შესრულებაც, შეიძლება ითქვას, რომ სხვა დანარჩენ გარემოებებთან ერთად, დასაქმებულის მოტივაციაზე და შრომისუნარიანობაზეც მოქმედებს, შრომის კოდექსში საუბარია შრომის პირობების დაცვაზეც. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია დასაქმებულის სიცოცხლესთან.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. აუცილებლობის შემთხვევაში კი, უზრუნველყოს დასაქმებული დამცავი აღჭურვილობით და მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისა და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
ერთი შეხედვით, შრომის კოდექსი საკმაოდ ეფექტური და მისაღებია როგორც დასაქმებული პირისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, თუმცა რეალობა, შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტში აღბეჭდილ წესდებასთან ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არ მოდის.

გელა – ლიანდაგის მონტიორი

დიდუბეში, ნახალოვკის ე.წ. ხიდზე ისე ვერ გადახვალთ, რომ რკინიგზის ლიანდაგებმა არ მოგჭრან თვალი. თითქმის ყოველთვის აქ უნიფორმაში გამოწყობილი მუშები არიან. ხან ლიანდაგს აკეთებენ, ხან კი სადგურზე გაჩერებულ, მწყობრიდან გამოსულ მატარებლებს არემონტებენ. გელა ერთ-ერთი მათგანია. მადლობელია, რომ დღეს სამსახური აქვს და ოჯახის რჩენა შეუძლია, რასაც ვერ ამბობს თავის სამუშაო პირობებზე. ხშირად უწევს ზეგანაკვეთური შრომის შესრულებაც, რომელიც არ უნაზღაურდება. 01

“ლიანდაგის მუშა ვარ და ფიზიკური შრომა მიწევს. ზამთარ-ზაფხული ჩემთვის დიდად განსხვავებული არ არის – პირობები ორივე სეზონზე რთულია. ზაფხულში, ქალაქში რომ 30 გრადუსი სიცხეა, ლიანდაგზე 45 გრადუსია, რკინა გადახურებულია და ოფლად ვიღვრებით. ზამთარში კიდევ პირიქით – ცივა, რადგან რკინა იყინება. სამუშაო არ მეზარება, მაგრამ პირობები რომ უკეთესი იყოს, კარგი იქნებოდა”, – ამბობს გელა.
მისივე განცხადებით, დამსაქმებელი მას ყოველ კვირაში სამუშაოს შესასრულებლად ხელთათმანებით ამარაგებს, თუმცა ისინი იმდენად უხარისხოა, რომ იმ დღესვე იხევა. ამიტომ, ხელთათმანებს ყოველ მეორე დღეს საკუთარი ფულით ყიდულობს. თითო წყვილში 2 ლარს იხდის, მაშინ, როდესაც თვიური ხელფასი სულ 500 ლარია.
“სამსახური დილით 8-ზე გვეწყება და 5-მდე აქ უნდა ვიყოთ, მაგრამ ხშირად უფროსები გვავალებენ, რომ დავრჩეთ. ხან 1 საათით, ხან 2-ით, ხან კიდევ – ხუთით. შაბათსაც გამოვსულვართ და გვიმუშავია, მაგრამ დამატებით ხელფასს არავინ გვაძლევს. სამსახურიდან რომ წავიდე, სხვაგან არ მიმიღებენ. წესით, ისეთ სამუშაოს ვასრულებთ, რომ ხარისხიანი ხელთათმანი, „სპეცოვკა“ და ფეხსაცმელი უნდა გვქონდეს, მაგრამ თქვენ რომ სპეცოვკას უყურებთ, ზამთარ-ზაფხულ სულ ეს მაცვია. ძალიან ცხელია, ჰაერს არ ატარებს, მაშინვე გაოფლიანებს. ფეხსაცმელში წყალი შედის. არადა, ჩვენი მოვალეობა დარშიც და ავდარშიც გარეთ ყოფნა და ლიანდაგზე მუშაობაა“, – მეუბნება გელა და მთხოვს, რომ თუ მაინც და მაინც ფოტოს გადაღებას გადავწყვეტ, ისეთი რაკურსი შევარჩიო, რომ მისი სახე არ გამოჩნდეს. მეც ვთანხმდები.

შორენა – გამყიდველი

შორენა 41 წლისაა. ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში მუშაობს. დამსაქმებელთან სიტყვიერი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მისი სამუშაო გრაფიკი 12-საათიანია. პირობები ნორმებს არ შეესაბამება.
“ხელფასი დაბალი მაქვს. დღეში 15 ლარს ვღებულობ. დილიდან საღამომდე მიწევს აქ ყოფნა. ამაზე მეტად ის მაწუხებს, რომ, როგორც ხედავთ, მაღაზიაში არც საპირფარეშოა და არც ხელსაბანი ნიჟარა. რომ დამჭირდეს, არაფერი არ არის. ჩემი ახლობელი ცხოვრობს გვერდით სადარბაზოში და, საჭიროების შემთხვევაში, იქ დავდივარ. გამიხარდა, რომ მკითხეთ, რა გაწუხებსო. ჩემთვის ეს არასდროს უკითხავთ. სხვათა შორის, შრომის კოდექსი და დასაქმებულების პირობები ალბათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული თემაა, რომელზეც დღეს თითქმის არ საუბრობენ. გთხოვთ, ყველას მიაწვდინოთ ხმა და გააგონოთ, რომ სამუშაო პირობები ძალიან მნიშვნელოვანია. ტუალეტი ხომ მაინც უნდა იყოს”, – აცხადებს შორენა.

ილია – მიკროავტობუსის მძღოლი

შორენასთან დამშვიდობების შემდეგ, გეზი წერეთლისკენ ავიღე, გზად სამარშუტო ტაქსის მძღოლს – ილიას გამოველაპარაკე, რომელმაც სამუშაო პირობების ხსენების დროს მხრები აიჩეჩა და მითხრა, რომ არც მისი სამუშაო გარემო შეესაბამებოდა ნორმალურ პირობებს.
“მძღოლის პროფესიას, სამწუხაროდ ხშირად აკნინებენ. არადა, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ათასი განწყობის ადამიანთან გვაქვს ურთიერთბა, ზოგი ზრდილობიანად გკითხავს რამეს, ზოგი მაშინვე ჩხუბს გიწყებს, არ უნდა აღელდე, ამდენი კაცის სიცოცხლე გაბარია. დამსაქმებელთან ხელშეკრულება ვიღას ახსოვს. მგონი, არც მაქვს გაფორმებული. მხოლოდ ის, სადაც წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიას დღეში 85 ლარი უნდა გადავუხადო. რეალურად რომ მივუდგეთ, მე კომპანიისთვის ვმუშაობ, მაგრამ ის მე ინდმეწარმედ მთვლის, საბუთებითაც ასეა. ძალიან უსამართლოდ გვეპყრობიან. თუ რამე გაფუჭდა, ჩვენ უნდა შევიძინოთ, გვაქვს შემოსავალი თუ არ გვაქვს, არ აინტერესებთ, ყოველ დღე 85 ლარი უნდა გადავუხადოთ. ამიტომ არის, რომ ხშირად ზარალში ვართ. ვინც ვერ გაუძლო, წავიდა, მეც წავიდოდი, წასასვლელი რომ მქონოდა”, – ამბობს ილია.
მისივე თქმით, ის დილის 8-დან ღამის 11 -მდე მუშაობს. შვებულება 4 წელია არ აუღია. ვერ ვახერხებო, ამბობს . “სიმართლე გითხრათ, არც არავინ მახევს კალთას. 10 დღე გვეკუთვნის. გამიგია, შრომის კოდექსში წერია, რომ მხოლოდ 41 საათი უნდა ვიმუშავო კვირაში, მაგრამ მაგდენს, შვილო, მხოლოდ 3 დღეში ვმუშაობ”, – ამბობს ილია და მისი ერთი ნაცნობის ისტორიას იხსენებს, რომელიც შვეიცარიის რომელიღაც ქალაქში ასევე მძღოლად მუშაობს.
“ჩემი მეზობელი შვეიცარიის ერთ-ერთ ქალაქშია გათხოვილი. მისი ქმარი გერმანელია. ავტობუსის მძღოლად მუშაობს, ჩემი კოლეგაა. იცით, გასულ წელს რა მითხრა, 30 წლის იუბილე გვქონდაო და იმ კომპანიამ, სადაც ქმარი მუშაობს, იტალიაში 1 კვირით “რომანტიჩნი” არდადეგებზე გაგვიშვაო. ვკითხე, რას დამცინი, ალბათ ბევრი ფული გადაუხადა შენმა ქმარმა-თქო და კინაღამ გამებუტა. როგორ გეკადრება, ჩემს ქმარს სამსახურში აფასებენ. უფასოდ მოგვცეს “პუტიოვკაო”. არ მინდა, ბატონო, „პუტიოვკა“, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ხალხს ბილეთის ფული არ აქვს, ვინ მომცემს „პუტიოვკას“, მაგრამ, დამსაქმებლის დამოკიდებულებაა საწყენი. ერთია რომ პატივს არ გცემენ, როგორც ადამიანს და მეორე – ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ შეიძლება ნერვიულობით დასნეულდე, ან კიდევ ვალებში გადავარდე. ანგარიშს არავინ გიწევს, თუ რამე მოხდა, ისევ შენ ხარ დამნაშავე. პასუხისმგებელი კი არავინა. აი, ეს არის, ჩემო ბატონო, საწყენი. მე მარტო ერთი შეკითხვა მაქვს, როდის გვექნება ჩვენ – ყველას ადამიანური სამუშაო პირობები”,-კითხულობს ილია.
მეტროსადგურ ვაგზალზე ყოფნისას, თბილისის მიკროავტობუსის კიდევ ერთ მძღოლს გავესაუბრე. ბადრი 54 წლისაა. მეუბნება ასაკი ისეთი მაქვს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია შრომაო, თუმცა ჩემი დამქირავებელი მხოლოდ მის კეთილდღეობაზე ფიქრობს და დასაქმებულის უფლებები არ აინტერესებსო.

ბადრი – მიკროავტობუსის მძღოლი

„მანქანა, რომელზეც ვმუშაობ დაძველდა, ყოველთვის რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ყოველდღიურად თბილისის მიკროავტობუსის ბიუჯეტში 61 ლარის ოდენობის თანხა მაქვს შესატანი. ამას დაუმატეთ 35 ლარის საწვავი, რაც ჯამში 96 ლარი გამოდის. ამ 15086996_1771347919783444_202919240_nთანხას ცვეთის ფული 15 ლარი ემატება და დისპეჩერის 6 ლარიც. სამსახურში რომ 16 საათი ხარ, ჭამაც ხომ გინდა – 3 ლარი მაინც გჭირდება. ახლა გეკითხებით, ამ ფულს რომ შევაგროვებ, მერე სახლში რა წავიღო? მუშაობა რომ დავიწყე, წლების წინ დოლარის კურსი 1.78 იყო, ახლა 2.48-აა. ჩვენთვის, არაფერი გაიაფებულა, პირიქით, გაძვირდა ყველაფერი. ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ არავინაა ჩვენი დამხმარე“,-ამბობს ბადრი.

გია – ხელოსანი

შინ დაბრუნებულს საინტერესო სცენა მხვდება, ჩემს 9-სართულიან კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზანი სართულებს შორის დაზიანებული ნაპრალების ამოვსება და შემდეგ კორპუსის ერთ მხიარულ ფერში გაღებვაა. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ხელოსნები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. მე-9 სართულის სიმაღლეზე, ხის ფიცრულზე ისე დგანან, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი ორად ორი ტროსით არის სახურავზე დამაგრებული. წელზე არანაირი სამაგრი არ აქვთ, არც ჩაფხუტი ახურავთ და არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უბედური შემთხვევისგან დაიცავდათ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტ თავის ტკივილს ჰგავს იმაზე საუბარი, რაც ჯერ არ მომხდარა, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული ამ ადამიანის უკან, შესაძლოა, გულშემატკივრების მთელი არმია იდგეს – დედა, მამა, შვილები, მეუღლე, მეგობრები და ნათესავები…
როგორც გავიგე, ერთი კვადრატული მეტრის გაღებვაში, ხელოსანს 2 ლარსა და 30 თეთრს უხდიან. შრომა, რომელსაც მუშები ჩემს სამეზობლოდ ასრულებენ, სიცოცხლის ფასი ღირს. 31 წლის გია ამბობს, რომ სამსახურის პოვნაში მას ახლობელი დაეხმარა.03
“ამ სამუშაოს კერძო კომპანია ახორციელებს. მემგონი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა ზუსტად არ ვიცი. სამსახურში ახლობელმა მომიყვანა. მე, პირადად, ჭიათურიდან გახლავართ. ოჯახი რომ ვარჩინო, ამიტომ ჩამოვედი. ჩემი ერთი ნაცნობი შარშან კორპუსს აშენებდა, ჩამოვარდა მე-6 სართულიდან და მოკვდა, არ იყო დაბმული. რომ მეკითხებით, ასე მუშაობა როგორ არ გეშინიაო, კი მეშინია,  საფრთხილოც არის და ხანდახან მეც მიკვირს, ცაში რომ ვარ გამოკიდებული, მაგრამ ოჯახს ხომ რჩენა უნდა, ქუდი რომ დავიხურო და წავიდე, ვინ არჩენს ჩემს ცოლს და შვილებს. ბევრია ჩემს დღეში,, მაგრამ რას ვიზამ”, – მეუბნება ხელოსანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, მე-9 სართულის სიმაღლეზე სარემონტო სამუშაოს ასრულებდა და ხის ფიცრულზე უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე იდგა.
ისმის მთავარი შეკითხვა, რა ხდება მაშინ, თუ დასაქმებულს კანონის არსებობის შემთხვევაშიც კი არ აქვს სრულფასოვანი სამუშაო გარემო – ვერ ღებულობს კუთვნილ შვებულებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე უწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, სიცოცხლის ფასად შრომობს და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, აწმყოს და მომავალს. სად არის გამოსავალი და ვინ არის პასუხისმგებელი?
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლების გადასაჭრელად ფურცელზე დაწერილი კანონის ძალაში მოყვანა და მისი იმპლემენტაცია. ის შრომის ინსპექციაზე და მის მნიშვნელობაზეც გვესაუბრება, თუმცა საუბრის დასასრულს დასძენს, რომ პროგნოზები არცთუ ისე დამაიმედებელია.
“ჩვენს ქვეყანაში შრომის ინსპექცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისი ფუნქციები შეკვეცილია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მას არც სანქციების გატარების უფლება აქვს. ეს არის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად უუნაროა. მეკითხებით, შეიცვლება თუ არა რაიმე ახალი მოწვევის პარლამენტში? ვისურვებდი, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის იმედი არ მაქვს”,-აცხადებს პეტრიაშვილი.
დეპარტამენტი, რომელსაც შრომის ინსპექცია დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროში ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი ახალგაზრდა იურისტი ლევან ჟორჟოლიანია, რომელთან შესახვედრადაც ერთ-ერთ სასტუმროს ვეწვიეთ.
როდესაც ჩემი რესპონდენტების შესახებ ვუამბე და ვკითხე, თუ როგორ გეგმავდა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მან მოკლედ მოგვიჭრა და გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია მხოლოდ ორი მიმართულებით მუშაობდა. ეს იყო შრომის უსაფრთხოების შემოწმება და მეორე, უფლებრივი ნაწილი, რომელიც იძულებით შრომას და ტრეფიკინგის ნიშნების გამოვლენას ეხებოდა. იქვე დასძინა: ამ ეტაპზე, სანქციების გატარების შესაძლებლობა არ გვაქვსო.
რკინიგზის შემთხვევაში ჟორჟლიანმა გვიპასუხა: ჩვენი ინსპექტორები ახლაც იქ მუშაობენო, ხელოსანთან მიმართებაში კი გვითხრა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეკონტრაქტორი კომპანიები შევამოწმოთო.
საუბრის დროს, ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა ინსპექციის სამომავალო გეგმებზეც და აღნიშნა, რომ მათი 50% კვალიფიციური კადრების მოზიდვას და გადამზადებას უკავშირდებოდა.
“საქართველოში, როგორც ასეთი, პროფესია შრომის ინსპექტორი არ არსებობს. ჩათვალეთ, რომ დეპარტამენტის სამომავლო გეგმების 50% განათლების მიღებას უკავშირდება. დანარჩენი კი ინსპექციის გაძლიერებას – ეს არის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე დანართში შრომის ინსპექციას ყველაზე მეტი, 26 დირექტივა ეხება. ჩვენ ვგეგმავთ შრომის ინსპექციის გაძლიერებას. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ეს არ არის კონკრეტული უწყების, ან დეპარტამენტის გადასაწყვეტი. ეს არის მთელი სახელმწიფის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი და ის მექანიზმები, მათ შორის სანქციებიც, რომლებიც, ერთის მხრივ, დასაქმებულის ფუნდამენტურ უფლებებს დაიცავენ და, მეორე მხრივ კი, არ შეზღუდავენ ბიზნესს”,-განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.
საუბრის დასრულების შემდეგ, შინ სამარშრუტო ტაქსტით დავბრუნდი. კარგია, რომ რეისიც სხვა იყო და, შესაბამისად, მძღოლიც, რადგან არავინ მკითხავდა, მივიღე თუ არა პასუხი კითხვაზე: “როდის გვექნება ადამიანური სამუშაო პირობები”. მძღოლს რომ იგივე შეკითხვა დაესვა, მივხვდი, რომ მის შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მქონდა…

ავტორი: ნინი ჯაფარიძე

https://www.youtube.com/watch?v=QRCvTAP4LHI

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები