რას ამბობს დიასპორის მინისტრი თავისი უწყების მოსალოდნელ გაუქმებაზე

რას ამბობს დიასპორის მინისტრი თავისი უწყების მოსალოდნელ გაუქმებაზე – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე აცხადებს, რომ მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.
“შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა – ჩვენი სახელმწიფო აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა შეუერთდეს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – რაც გვიკეთებია, ყველაფერს პროფესიონალურად ვაკეთებთ. წელიწადში ორჯერ დიდ ფორუმსა და კონფერენციას ვატარებთ. ასევე, ავამოქმედეთ უწყებათაშორისი ფორმატი, რომელიც დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემატიკას კომპლექსურად განიხილავს. ამის შემდეგ ემიგრანტ მიცვალებულთა გადმოსვენების საკითხი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი საქმიანობის დამაგვირგვინებელი იყო ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება. ამ მამულის დაბრუნებით მომავალ თაობებს გაუჩნდათ რწმენა, რომ მშვიდობიანად და გონივრულად უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებაც შეიძლება“, – აცხადებს გელა დუმბაძე.
დუმბაძე ამბობს, რომ მისი სამინისტროს ბიუჯეტი მილიონ სამასი ათას ლარს შეადგენდა, რაც მისი თქმით, დაახლოებით ერთი საელჩოს ბიუჯეტია.
“ჩვენი მთავარი მიმართულება უცხოეთში მყოფი სათვისტომოებისთვის პირობების შექმნა გახლდათ და ამას მწირი ბიუჯეტითაც თავს ვართმევდით. აპარატში 32 ადამიანი მუშაობს და იმედი მაქვს, ისინი საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებენ“, – აცხადებს გელა დუმბაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები