ჰოკინგი გვაფრთხილებს – შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
როდესაც არამიწიერ, გონიერ ცივილიზაციასთან ურთიერთობის საკითხი დგება, უმალ ჩნდება მრავალი კითხვა. როგორ უნდა ვიპოვოთ ისინი? სად არიან? არიან თუ არა საერთოდ? რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ მათ ვიპოვით ან ისინი გვიპოვნიან ჩვენ?
ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის აზრით, ჩვენ ალბათ საერთოდ უნდა შევწყვიტოთ მათთან დაკონტაქტების მცდელობა, რადგან მოწინავე ცივილიზაციის აღმოჩენა კაცობრიობას და მთლიანად დედამიწას მეტად სარისკო სიტუაციაში ჩააყენებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ წლების წინ, ჩვენ სამყაროში უკვე გავავრცელეთ ცნობა დედამიწის მდებარეობასთან დაკავშირებით (ოქროს ფირფიტა ხომალდ ვოიაჯერზე).
ჰოკინგის გაფრთხილებების შესახებ საუბარია ახალ ონლაინ-ფილმში „სტივენ ჰოკინგის საყვარელი ადგილები“, სადაც ასახულია თუ როგორ ზის ცნობილი მეცნიერი ხომალდში სახელად SS Hawking-ი და იკვლევს სამყაროში მის საყვარელ ადგილებს.
„ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო დარწმუნებული ვხდები, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ. ეს მე მთელი სიცოცხლის განმავლობაში მაინტერესებდა და ახლა, ვუძღვები საერთო გლობალურ ძალისხმევას, რომლის მიზანიც მათი პოვნაა“, — ამბობს ფილმში ჰოკინგი, როდესაც ის დედამიწიდან 16 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტა Gliese 832c-ს იკვლევს, რომელზეც შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე იყოს.
„პროექტი Breakthrough Listen მილიონობით უალხოეს ვარსკვლავთან მოძებნის სიცოცხლის ნიშნებს, თუმცა მე ვიცი ადგილი, საიდანაც ეს ძებნა უნდა დავიწყოთ. ერთ მშვენიერ დღესაც, ჩვენ შესაძლოა სიგნალი მივიღოთ ისეთი პლანეტიდან როგორიცაა Gliese 832c, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მასზე პასუხის გაცემისას“.
თუკი არ იცით, გეტყვით, რომ Breakthrough Listen-ი ამბიციური პროექტია, რომლის მიზანიცაა უახლოესი ვარსკვლავებიდან მომდინარე რადიოსიგნალების სკანირების გზით, სამყაროში გონიერი სიცოცხლის პოვნა. პროექტი რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა წამოიწყო, რომელმაც მასში 100$ მილიონი ჩადო.
ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი მთელ თავის ძალისხმევას მიაპყრობს სახელგანთქმულ ვარსკვლავ KIC 8462852-ს (ტაბის ვარსკვლავი), რომლის სინათლის უცნაური ჩაბნელების მიზეზიც შესაძლოა იქ არსებული ცივილიზაციის მიერ ვარსკვლავის გარშემო მეგასტრუქტურის აშენება იყოს.
უფრო კეთილგონიერი ჰიპოთეზების მიხედვით, ვარსკვლავის სინათლის მერყევი ჩაბნელებების მიზეზი შესაძლოა ვარსკვლავთშორისი ნაგავი ან კომეტების გუნდი იყოს, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რა ხდება იქ სინამდვილეში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგი ძალისხმევას არ იშურებს სამყაროში გონიერი სიცოცხლის საპოვნელად, ის ერთ-ერთი ყველაზე გულღია კრიტიკოსია მათთან კომუნიკაციის მცდელობისა, იმ მიზეზით, რომ ეს შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს კაცობრიობისათვის, რადგან არის დიდი ალბათობა, რომ შორეულმა არამიწიერმა ცივილიზაციამ ჩვენ მათზე ბევრად ქვემდგომად, სუსტად და ადვილად დასაპყრობად მიგვიჩნიოს.
„თუ ეს ასეა, ისინი ბევრად ძლევამოსილნი იქნებიან და შესაძლოა ჩვენ ისეთივე მნიშვნელობის მქონედ აღგვიქვან, როგორც ჩვენ ბაქტერიას ვხედავთ“, — ამბობს ფილმში ჰოკინგი.
იმის ნათელსაყოფად თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოწინავე ცივილიზაცია ჩვენი არსებობის შესახებ შეიტყობს, ჰოკინგს ხშირად მოჰყავს ამერიკაში კოლუმბის ექსპედიციის მაგალითი და აღნიშნავს, რომ პირველი შეხვედრა „არც თუ ისე კარგი იქნება“.
ჰოკინგის გაფრთხილება ეფუძნება იდეას, რომ არამიწიერი ცივილიზაცია, განსაკუთრებით კი ის, რომელიც ჩვენს სიგნალებდ დაიჭერს და დაადგენს თუ საიდან მოდის ისინი, სავარაუდოდ ჩვენზე მილიარდობით წინ წასული იქნება და შესაბამისად, ჩვენ მათთვის უმარტივესი დასაპყრობი ვიქნებით.
სამყაროს მასშტაბებში შეღწევა ერთადერთი სამეცნიერო საქმიანობა არაა, რომელსაც ჰოკინგი სარისკოდ თვლის. რამდენიმე კვირის წინ, კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებულ ლექციაზე ჰოკინგმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა აღმოჩნდეს „როგორც საუკეთესო, ისე ყველაზე უარესი რამ, რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია“, — მოსაზრება, რომელსაც სხვა მრავალი ექსპერტიც ეთანხმება, მაგალითად ელონ მასკი.
ეს შიში კი იქიდან მომდინარეობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შესწევს უნარი შეისწავლოს თავად, გადააჭარბოს ადამიანის შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ბიოლოგიურ ევოლუციაზე — ძალიან ნელ პროცესზე იმისათვის, რათა რბილად რომ ვთქვათ — უფრო განვითარებულნი გავხდეთ.
„ხელოვნური ინტელექტი თავის თავზე თვითონ ზრუნავს და საკუთარი თავის გადაკეთებას უსწრაფესი მაჩვენებლებით ახდენს. ამ დროს კი, ადამიანები შეზღუდულნი არიან ნელი ბიოლოგიური ევოლუციით, რის გამოც მათთან შეჯიბრი არ შეუძლიათ, გადაჭარბებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, — უთხრა ჰოკინგმა BBC-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გაფრთხილებები შესაძლეო გადამეტებული ჩანდეს, მნიშვნელოვანია მანამ ვიფიქროთ, სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. განსაკუთრებით თუ საქმეში ჩვენზე დომინანტი უცხოპლანეტელები ანდა რობოტები ჩაერთვებიან.
გარდა ავბედითი გაფრთხილებებისა, 25-წუთიან ფილმში ასევე ასახულია თუ როგორ იკვლევს ჰოკინგი სამყაროს სხვა გასაოცარ ადგილებს, მაგალითად ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს — მშვილდოსანი A*-სა და მზის სისტემის პლანეტა სატურნს, რომლითაც ჰოკინგი განსაკუთრებითაა მოხიბლული.
წყარო: http://1tv.ge