ეუთოს სადამკვირვებლო მისია: არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა

საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული მეცხრე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს, ნატოსა და ევროკავშირის დამკვირვებლები პირველ შეფასებებს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი იგნასიო სანჩესი აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში წარიმართა, თუმცა ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხმის დათვლის პროცესს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა.
იგნასიო სანჩეს გომესმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო.
“არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა და ამან ამომრჩეველს შესაძლებლობა მისცა, პლურალისტურ, მაგრამ პოლარიზებულ მედიაგარემოში ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიეღო”,- აცხადებს გომესი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, მაგრამ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნების პოზიტიური მუხტი. მისივე თქმით, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტები გამოვლინდება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება.
“43 ქვეყნის 342 დამკვირვებელი მუშაობდა გუშინ ქვეყანაში. ზოგადად სიმშვიდე ვიხილეთ, თუმცა იყო ცალკე აღებული ძალადობის ინციდენტები. მასმედია იყო პლურალისტული, თუმცა  პროცესის გაშუქებისას ირღვეოდა ბალანსი. დებატები იძლეოდა სასარგებლო პლატფორმას იმისთვის, რომ მონაწილეებს თავიანთი პოზიციები გაეცნოთ ამომრჩევლისთვის. ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა შესაბამისად, მაგრამ ხმის დათვლის პროცესი, სხვადასხვა გარემოების გამო,  დაძაბულობის ფონზე,”- აცხადებს იგი.
იგნასიო სანჩესი ასევე დადებითად აფასებს ცესკოს მუშაობას და მას პროფესიულ დონეზე განხორციელებულს უწოდებს.
“ცესკოს მიერ ჩატარებული სამუშაო პროფესიულ დონეზე განხორციელდა, ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი დონე იყო. როგორც ესპანელი პოლიტიკოსი, ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩატარებულ არჩევნებს, კამპანია იყო კონკურენტული, მიუხედავად სეგმენტური ინციდენტებისა. ზემოქმედების შესახებ რამდენიმე განცხადებაც მოვისმინეთ. რამდენიმე საარჩევნო უბანზე წარმართულ საარჩევნო პროცესს ჩვენი დამკვირვებლები ნეგატიურ შეფასებას აძლევენ, რაც გულისხმობს პროცედურულ პრობლემებს და უფლებამოსილების არმქონე პირების მხრიდან კომისიის მუშაობაში ჩარევას. თუ აღმოჩნდა გაყალბების ფაქტები, მასზე გამოძიება უნდა წარიმართოს, მაგრამ თუ ერთი ხმაც კი არ იქნეს დათვლილი, შესაბამისად, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება იმ მაღალი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, რასაც საქართველოში ვხედავთ. ალბათ საჭიროა წინსვლა და არა იმაზე დროის  დახარჯვა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების ლეგიტიმურობა,”- მიაჩნია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები