ვიქტორ დოლიძე: დღეს ამომრჩეველს არავინ დაემუქრება, ციხეში არავინ ჩასვამს და არ აწამებს

“ეს წინასაარჩევნო გარემო ყველა წინასაარჩევნო გარემოსგან თვისობრივად განსხვავებული იყო”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა “2030-ში”  განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, დღეს ამომრჩეველს არავინ დაემუქრება, ციხეში არავინ ჩასვამს და არ აწამებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არავის აწყობს.
„არა მგონია, დაძაბულობა ან ხელისუფლებას აწყობდეს, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას. დღეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არ გვაწყობს. ყოველდღე ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა 2017 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, დამოუკიდებელი სასამართლო, უკეთესი ეკონომიკა, ცხოვრება და სამართლიანობა იყოს“, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს არ არსებობს იმის განცხადების საფუძველი, რომ ცესკოს გამოცხადებული შედეგები აღიარებული არ იქნას.
„უსამართლოდ ვერც კვლევას ვაღიარებთ და ვერც არჩევნების შედეგს, მაგრამ დღეს არ მაქვს იმის განცხადების საფუძველი, რომ ცესკოს გამოცხადებული შედეგები არ ვაღიარო და არც არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ მადესტაბილიზირებელი ქმედებები განახორციელოს. პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება და სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სტაბილიზაცია და ჩვენი ხმების დაცვა“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები