დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში.
დღესვე ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის, ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და რეკორდულ დროში -7 თვეში დასრულდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები