ავტობუსების მძღოლები ექიმის მიერ ყოველდღიურ შემოწმებას გაივლიან

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ყველა ავტობუსის ყველა მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება. როგორც მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა, ავტობუსები არის მოძველებული და თუ არ შემოწმდა, ის ხაზზე ვერ გამოვა.
გადაცემის მსვლელობის დროს მსმენელმა მუმლაძეს ავტოსაგზაო შემთხვევები გაახსენა, რომელიც ბოლო დროს თბილისში მოხდა. ერთ შემთხვევაში ავტობუსი სასტუმროს შეეჯახა, ხოლო მეორე შემთხვევაში მძღოლს ინფარქტმა დაარტყა.
”დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევის დროს, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში, ჩვენ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ და ყველა მგზავრს მივხედეთ. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. არსებობს რეგლამენტი – მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურებისთვის, იბლოკება, ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის. სასტუმროზე შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი გამართული იყო”, – განაცხადა მუმლაძემ.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მუმლაძის თქმით, მძღოლს დაემართა ინფარქტი. მისივე განმარტებით, მძღოლმა უნდა წარადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
”გავიტანეთ საკითხი და დამტკიცდა, რომ ამიერიდან მძღოლებს ექიმები შეამოწმებენ. სამი ბაზა გვაქვს სულ და სამივეში გვეყოლება ექიმი, რომლებიც რეისში გასვლამდე ყველა მძღოლს შეამოწმებენ”, – აღნიშნა მუმლაძემ.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების მიერ განხორციელებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, მუმლაძემ აღნიშნა, რომ მიკროავტობუსები სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებიან. მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების კონტროლი დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები