გელა სამხარაული პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა ამომრჩეველთან შეხვედრები პანკისის ხეობის სოფლებიდან დაიწყო.
ახმეტის მაჟორიტარი ომალოს, ხალაწანის, ბირკიანის, ჯოყოლოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოციალურ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროს რეფორმებზე ისაუბრა.
გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციონირების აუცილებლობასა და „მთის კანონის“ მიღების შედეგად გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებზე გაამახვილა.
მისი თქმით, ის სოციალური და საგადასახადო შეღავათები, რაც კანონის ამოქმედებით პანკისის ხეობასა და, ზოგადად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებლებზე გავრცელდა, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი გახდება.
გელა სამხარაულმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მე, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, რომელსაც უკვე 4 წელია ვახორციელებთ, შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენს გლეხს, ფერმერს თუ მეწარმეს, ადგილობრივი წარმოების განვითრებისთვის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს. მსგავს პროექტებში ჩართულობა თითოეული ოჯახისა და მთლიანად სოფლის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად, პანკისის ხეობაში, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც სოფლების ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ადგილზე არსებულ რესურსს გამოავლენს და განავითარებს“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები