"ქართულმა ოცნებამ” სამ თვეში ნახევარ მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო

   პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” შემოწირულობის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. როგორც „კვირას“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, გასულ 3 თვეში სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ სულ 639 645 ლარის შემოწირულება განხორციელდა.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ შემოწირულება 60-მდე კერძო პირმა განახორციელა. მათ შორის არის უმრავლესობის წევრი თამაზ ავდალიანი, რომემაც პარტიას 1500 ლარი შესწირა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 5 ათასი ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გადასცა თამაზ თამაზაშვილმა. თამაზაშვილმა დედოფლისწყაროში მდებარე ფართი, ოფისის სახით, ოცნებას 186 დღის ვადით გადასცა.
“რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, მიმდინარე წლის განმავლობაში 20 ლარის ფულადი შემოწირულება მიიღო “კომუნისტურმა პარტიამ”, 30 ლარის არაფულადი შემოწირულება “რესპუბლიკურმა პარტიამ” და 250 ლარის ფულადი შემოწირულება – “განახლებულმა საქართველომ”. სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ გასულ 3 თვეში შემოწირულება არ განხორციელებულა”, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა. მისივე განმარტებით, შემომწირველებს შორის ამ ეტაპზე არც ერთი იურიდიული პირი არ არის. საერთო ჯამში, 2014 წლის განმავლობაში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულება 639 945 ლარს შეადგენს. სამი თვის განმავლობაში არც მატერიალური და არც არამატერიალური სახით შემოწირულობა არ მიუღია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები