“პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებისთვის ბრალდებულებთან საპროცესო გარიგების გაფორმების გადაწყვეტილება მიღებული არ არის”

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებისთვის ბრალდებულებთან საპროცესო გარიგების გაფორმების გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის ეთერში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“საზოგადოება საპროცესო შეთანხმებას ისე აღიქვამს, თითქოს საპროცესო გარიგება გულისხმობდეს ადამიანის გარეთ გამოშვებას, ეს ასე არ არის. ვადასტურებ, რომ გარკვეული მოლაპარაკებები არსებობდა ბრალდებლებს შორის. აქ საუბარია იმ ბრალდებულებზე, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან, იდენტიფიცირება, რომელთაგანაც მოდიოდა ამ ჩანაწერების გავრცელება. ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული პირების ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა და მათი დაკავება. ასევე დადგენილი არის, რომ ეს პიროვნებები არ არიან დაკავშირებული იმ გახმაურებულ საქმესთან, როდესაც ხდებოდა ამ ჩანაწერების ატვირთვა ინტერნეტსივრცეში. შესაბამისად თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხების გაფორმების შესახებ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გავლილი იქნება კონსულტაცია დაზარალებულთან და საზოგადოებას ეცნობება ის საფუძვლები, რის გამოც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საპროცესო შეთანხმება გაფორმებული არ არის.

მე ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო არის ის საქმე, რომელზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არიან მიცემული შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ უკანონო ჩანაწერების შექმნაში. ვსაუბრობ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეზე ვასილ ლელუაშვილზე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსზე ყიფშიძეზე, თბილისის კუდ-ის უფროსზე, ასევე სხვა თანამდებობის პირებზე, რომლებიც ბრალდებულის სახით არიან პასუხისგებაში მიცემული და გამოძიება გრძელდება, ჩვენი მიზანი ამ გამოძიებაში არის, რომ მივიდეთ იქამდე, თუ ვინ იდგა უკანონო ჩანაწერების შექმნის სათავეებთან, რომელსაც პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებდნენ”, – განაცხადა შოთაძემ “იმედის დროში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები