ნაფიცმა მსაჯულებმა ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი დაადგინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ბრალდებული ნუკრი ი.-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელის სახით 6 (ექვსი) წლით თვისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქმე ეხება, თბილისში 2015 წლის 30 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნუკრი ი. ღამის საათებში ყაჩაღურად თავს დაესხა ვარკეთილში 3-ში მდებარე ‘’ნიკორა ტრეიდის“ სუპერმარკეტს, ცეცხლი გაუხსნა დაცვის თანამშრომელს და მას სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე დაზიანება მიაყენა. ბრალდებული განაგრძობდა სროლას სხვადასხვა მიმართულებით და როდესაც სუპერმარკეტის სალაროში არსებულ ფულად თანხას დაეუფლა – შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულის გადარჩენა მხოლოდ დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა. 2016 წლის 22 ივლისს, აღნიშნულ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა სათათბიროდ გამოყოფილი დროის მეოთხე საათში, გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენლი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების ნაწილში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე მათ ნუკრი ი. ერთხმად ცნეს დამნაშავედ.
მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე სულ რვა არსებითი სხდომა გაიმართა, დაიკითხა ბრალდების 20 მოწმე და თავად ბრალდებული. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე წარიმართა. განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები