სევდია უგრეხელიძის მტკიცებულებათა სიმცირის გამო აკაკი ხაფავას საქმის განხილვა გადაიდო

საქალაქო სასამართლოში სევდია უგრეხელიძის მიერ, მოქალაქე აკაკი ხაფავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა, მტკიცებულებათა სიმცირის გამო გადაიდო.
აკაკი ხაფავას ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, მოსამართლემ საპატრულო პოლიციას დაავალა, მეტი მტკიცებულება წარმოადგინოს საქმის განსახილველად.
“დღეს სასამართლომ პროცესი გადადო. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა. სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან მხოლოდ სევდია უგრეხელიძის მიერ დაფიქსირებული განცხადების საფუძველზე იყო ეს შუამდგომლობა შეტანილი.
სევდია უგრეხელიძემ აკაკი ხაფავას მოსთხოვა, თუ ხარ გაუპატიურებული, მომიტანე ცნობა და მე დავიცავ შენს უფლებებსო. სასამართლოში იმდენად უსუსური მტკიცებულებები მიიტანა პატრულმა, რომ აკაკი ხაფავასთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ, სასამართლომ ვერ იმსჯელა და საპატრულო პოლიციას დაავალა, წარმოადგინოს უფრო მეტი მტკიცებულება”, – აღნიშნა აბესაძემ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ თავად არის შეურაცხყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სევდია უგრეხელიძის მიერ.
“აკაკი ხაფავამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თვითონ არის ღირსებაშელახული სევდია უგრეხელიძის მხრიდან, რომელიც პროვოკაციას აწყობდა, როგორმე შემდგომში პოლიტიკური ქულები დაეწერა, თითქოს, “ნაციონალურ მოძრაობას” დევნიან. აკაკი ხაფავამ განმარტა, რომ თუკი მოდის ამომრჩეველთან შესახვედრად, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და მას სურს, რომ თავისი აგიტაცია-პროპაგანდით ხმები მოიპოვოს, მე, როგორც ამომრჩეველს მაქვს უფლება დავუსვა კითხვა”,-განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აკაკი ხაფავა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელს ამზადებს.
საქმე ეხება დოლიძის ქუჩის ამომრჩევლებთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, სევდია უგრეხელიძის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგრეხელიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ერთ-ერთი ადგილობრივი, აკაკი ხაფავა, მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. ხაფავა კი ირწმუნება, რომ მას შეურაცხყოფა სევდია უგრეხელიძემ მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები