შსს ე.წ. კანონიერი ქურდის აეროპორტში დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)“, – აცხადებენ შსს-ში.
იქამდე, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა „კანონიერი ქურდის“ უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნის კადრები.
დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „წრუწა“.
„ოდესის ოლქში დაკავებულია და გაგზავნილია საქართველოში წარსულში ნასამართლევი, კანონიერი ქურდი – თეიმურაზ ჯიმშერის ძე ჩხეტიანი, მეტსახელად წრუწა, რომელიც 1972 წელსაა დაბადებული“, – აღნიშნა დეკანოიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები