პარტია ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის” რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს

პარტია ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის” რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
როგორც ”თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსათვის” წევრმა ლალი მოროშკინამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ რუსეთში მცხოვრები 1 200 000 საქართველოს მოქალაქე ვერ დააფიქსირებს თავის არჩევანს, ეს მათთვის ხმის წართმევის უფლება და არჩევნების გაყალბების მცდელობა იქნება.
„2008 წლიდან რუსეთში საარჩევნო უბნები არ იხსნებოდა, სადაც 1 200 000 ქართველი მივიდოდა და დააფიქსირებდა თავის არჩევანს. თუ ჩვენ მივუდგებით იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური ურთიერთობა აღდგა, მილიონობით ტურისტს ველოდებით, გვაქვს რუსი ვარსკვლავების კონცერტები, ასევე რამდენიმე რუსულენოვანი რადიოარხი, გაურკვეველია, რატომ ვუკრძალავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხმა თავის რჩეულ პარტიას მისცენ“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.
მისივე თქმით, პარტია მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოს მისცეს უფლება რუსეთში გაიხსნას საარჩევნო უბნები.
„რადგან არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, შვეიცარიის საელჩო ასრულებს ამ ფუნქციებს და ამის ბერკეტი არსებობს. თუ არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ე.ი. ვიღაცას სჭირდება ამ ურთიერთობის აღდგენა და დალაგება. შესაბამისად, რადგან ეს ფორმატი არსებობს, ჩვენ წავართვათ ხმა 1 200 000 მოქალაქეს, ეს იქნება გაყალბების მცდელობა”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები