გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები პაველ შერემეტის მკვლელობას გეგმავდნენ
დამნაშავეების ერთადერთი სამიზნე, რომლებმაც ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს, ჟურნალისტი პაველ შერემეტი იყო. ამის შესახებ გამოცემა „ზერკალო ნედელი“ იუწყება.
მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურში შერემეტზე თავდასხმის ექვს ვერსიაზე ისაუბრეს. ერთ-ერთის მიხედვით, თავდამსხმელები „უკრაინსკაია პრავდას“ მფლობელის, ალიონა პრიტულას მკვლელობას ცდილობდნენ. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ავტომობილში ზუსტად იმდენი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული, რომ მძღოლი მოეკლათ.
„მანქანაში მგზავრები რომ ყოფილიყვნენ, ისინი, სავარაუდოდ, არ დაშავდებოდნენ“, – წერს „ზერკალო ნედელი“.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ ტრაგედიის გამოსაძიებლად ოპერატიული ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები შედიან.