გიორგი კვირიკაშვილი: რეფორმებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე

ჩვენ რეფორმებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, სიმშვიდე და შესაძლებლობა იმის, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში განაცხადა, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„რეფორმებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, სიმშვიდე და შესაძლებლობა იმის, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცებზე, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ არის. ჩვენ გვინდა ის, რომ სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, შვილი, რომელიც ეტყვის, რომ დედამ ახალი ჩანთა უყიდა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სადილის სასიამოვნო სუნი. იყოს სიმშვიდე. ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით. აღარ უყურებდნენ იმას, თუ როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს და იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებულები იმითი, თუ ვინ აჯობებს მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ დებატებში და რომელი უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს მეორეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ჩვენ შევძელით, რომ ბოლო პერიოდში დაგვემშვიდებინა, აღარ არის ის პოლიტიკური ტემპერატურა, რაც ადრე იყო, ახლა ჩვენი მიზანია, რომ სწრაფი განვითარება უზრუნველვყოთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პროგრამა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები