აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გუშინ მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გუშინ მომხდარი სროლის ფაქტზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ა.-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ნაცნობი – 1972 წელს დაბადებული არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით).
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეზოში გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამაგეიშვილს დაახლოებით 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის სოდის ყოფილი თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება პირს, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს ესროლა, გია ბარამიძის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთაძეა. ის ერისთავის სახელობის საავადმყოფოში სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევის დროს მამაგეიშვილს სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც, მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა. სწორედ ეს პირი დააკავა შს სამინისტრომ.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები