10 ივლისიდან ლეღვთახევის კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდება

10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს, 21:00 საათიდან ლეღვთახევის კლდეზე თბილისის ისტორიას უჩვენებენ.
კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეოპროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდება.
პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი – ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს. პროექტის მიზანია, ტურისტებს გავაცნოთ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შევთავაზოთ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი.
პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და, რა თქმა უნდა, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასეთი განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით. ასევე, დამთვალიერებლებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი სანახაობის შეთავაზებას. ლეღვთახევის კლდეზე ვიდეოპროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეოანიმაცია.
ორგანიზატორები მადლობას უხდიან დახმარებისთვის და თანადგომისთვის ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კრწანისის გამგეობას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სინათლის ქალაქს, გამომცემლობა პალიტრა L-ს, კომპანია copter.ge-ს, ქალბატონ ნონა გიუნაშვილს, ბატონ მიხეილ კობიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები