ჯანდაცვის სამინისტრომ „ბავშვთა ახალი კლინიკის“ შემოწმება დაასრულა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოქალაქე მაგდა კალანდაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეისწავლა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მაგდა კალანდაძის მიერ გამოქვეყნებული 3 ფაქტიდან, სიმართლეს მხოლოდ ერთი შეესაბამება. საქმე ეხება ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ექიმებისა და მედპერსონალის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც მაგდა კალანდაძემ სოციალურ ქსელში 25 ივნისს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ექიმებისა და მედპეროსანალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, „კვირა“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში 25.06.16წ. გამოქვეყნებული შემთხვევები, სადაც ერთ- ერთი მოქალაქე “ ბავშვთა ახალ კლინიკაში“ პაციენტებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს.
აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა, იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და, საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტრაციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები… რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა, ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა.
წერილში არის კიდევ ერთი ისტორია -ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას? პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს“, – ექსკლუზიურად განუცხადეს „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ მაგდა კალანდაძემ, რომლის შვილი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მკურნალობდა და მკურნალობის შედეგით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, სოციალურ ქსელში 25 ივნისს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კლინიკის მედპერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა და კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროებდა.
„1) პირველივე დღეს ექთნები ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში – ვიღაც ექთნის ამბავს ყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან. ვკითხე, შეეშალა ასეთი ექთანს-მეთქი… თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. “ჰუმანა”).
2) ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს… და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვეღარაფერი უშველეს.
3) თითი მოაჭრა ექთანმა თვის ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო“.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის წინააღმდეგ 2 საჩივარია შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები