გიორგი კვირიკაშვილი: მაინცადამაინც 13 ივნისის და 9 აპრილის მსგავსი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც დედაქალაქში შარშან ხდებოდა, თუმცა ნამდვილად სანუგეშოა იმ კონსოლიდაციის  და გადარჩენილი სიცოცხლეების გახსენება, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა.
„ნამდვილად გვანუგეშებს ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. ალბათ, მადლობის თქმაც უადგილოა და უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატო იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს. როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში. თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უდიდესი უმრავლესობა უკვე დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, ბევრი ადამიანის ბინას კი სარემონტო სამუშაოები უტარდება.
„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები