ნაძალადევის გამგეობამ მოქალაქეები უვარგისი ღვინით დაასაჩუქრა – “კაცი მოიწამლა, მთელი ღამე ავად იყო”
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ომის ვეტერანები და სოციალურად დაუცველები უხარისხო ღვინით დაასაჩუქრა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ ომის ვეტერანის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, გამგეობის მიერ ნაჩუქარი ღვინო ძმრისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
„ნახალოვკაში მომვლელად ვმუშაობ, 90 წლის ბაბუს ვუვლი. 9 მაისის აღსანიშნავად ბაბუს ნობათი მოართვეს გამგეობიდან, მათ შორის იყო ერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ძმრისგან დიდად არ განსხვავდებოდა“,-განაცხადა ოჯახის წევრმა.
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური ღვინო მიიღო საჩუქრად იმავე რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმაც, რომელიც ღვინის დალევის შედეგად მოიწამლა.
„კაცი მოიწამლა. მთელი ღამე ავად იყო, სასწრაფოს გამოძახებასაც კი აპირებდნენ“,- ყვება მომვლელი ქალბატონი.
სტატიის თანახმად, აღდგომისა და 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და უმწეო 8 ათასი მოქალაქისთვის და 39 სამამულო ომის მონაწილე ვეტერანისთვის გადასაცემი სასაჩუქრე ნობათისთვის ღვინის შისყიდვის მიზნით ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.
20 აპრილს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებაც, რომელსაც ხელი გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „შატო კახეთის“ დირექტორმა მანანა ელიკაშვილმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ გამგეობას 8039 ბოთლი ღვინო მეორე დღესვე მიაწოდა, ღირებულებით 18 885. სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ ბოთლში გამგეობამ 2 ლარი და 34 თეთრი გადაიხადა, მაშინ როდესაც, ბაზარზე ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 5 ლარია. კომპანია „ბუენოს“ წარმომადგენელი ვასილ ლებანიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტენდერი კანონდარღვევით ჩატარდა, ვინაიდან ნაძალადევის გამგეობამ სატენდერო დოკუმენტაციაში არ მოითხოვა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ლებანიძის თქმით, მთავარია, ერქვას ღვინო, მაგრამ რა ხარისხის იქნება ეს ღვინო, არ აინტერესებთ.
მისი ვარაუდით, კომპანია „შატო კახეთის“ ცისტერნაში ჰქონდა დასაძმარებლად გამზადებული ღვინო, რომელსაც წყალი დაამატა, ბოთლებში ჩაასხა და ნაძალადევის გამგეობას მიჰყიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ნაძალადევის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განუმარტეს, გამგეობამ ღვინის სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას წინა წლების პრაქტიკით იხელმძღვანელა.
„კანონმდებლობა არ ავალდებულებს შემსყიდველ ორგანიზაციას, ხარისხის დამადასტურებველი დოკუმენტაციის მოთხოვნის მითითებას სატენდერო დოკუმენტაციაში“,- განმარტეს გამგეობაში.
„პრაიმტაიმი“ კომპანიის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო მაღალი ხარისხისაა. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება მაღალი ხარისხის ღვინო 2 ლარი და 34 თეთრი ღირდეს, მანანა ელიკაშვილი პასუხობს, რომ იგი დამწყები ბიზნესმენია და აღნიშნული პარტია რეკლამის სახით გაუშვა.
„მე ვარ ახალი დამწყები და ეს პარტია რეკლამის სახით გავუშვი. ჩემი მიზანი იყო, პროდუქცია ბაზარზე შესულიყო. ეს ტენდერი ფინანსურად წამგებიანი იყო ჩემთვის, მაგრამ რეკლამის თვალსაზრისით მაწყობდა. ეს არის ინტრიგა. მე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მაქვს და ყველა საბუთიც. საქართველოში ჩემისთანა ხარისხიანი პროდუქცია არავის აქვს. თქვენ ინტრიგანი ხართ. ჟურნალისტები საქმეს კი არ აკეთებთ, ბიზნესს უშლით ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ჩემი პროდუქცია გააპიაროთ, ძირს გვითხრით ყველანაირად“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მანანა ელიკაშვილმა.