თინათინ ხიდაშელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში ვიზიტს განაგრძობს. უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებს.
თინათინ ხიდაშელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა.
„უნგრეთი ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად ამ 25 წლის განმავლობაში, საქართველოს იმ მეგობარი ქვეყნების კატეგორიიდან არის, რომლებიც მუდმივად იცავენ ჩვენს ინტერესებს სხვადასხვა ფორმატებში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და გვერდში უდგანან ქართულ სახელმწიფოს ყველა მოთხოვნას. ისინი ჩვენთან ერთად არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სათავეში დგანან და ბუნებრივია, რაიმე განსხვავებული მოლოდინი არც ყოფილა. ჩემი ამოცანა ამ ორი თვის განმავლობაში, ვარშავის სამიტამდე მარტივია – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა დეტალურად იცოდნენ იმ მოლოდინებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელიც ჩვენ ამ გზაზე გვაქვს იმისათვის, რომ იმ ფორმატებში, სადაც საქართველო არ მონაწილეობს, ვინაიდან საქართველო ჯერ-ჯერობით ნატოს წევრი არ არის და ამიტომ, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც წევრი ქვეყნები იკრიბებიან, მათ ზუსტად იცოდნენ რა არის ის, რისი მხარდაჭერაც გვჭირდება, სადც გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს კიდევ ერთხელ უნგრეთიდან და ბუნებრივია, მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი სწორედ ამ საკითხებში ჩვენი ადვოკატები იქნებიან ისე, როგორც იყვნენ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ასევე, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის გამოსვლა სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრში „NUPS”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები