დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას ეხმაურება. როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, რაკი პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მას ასე უნდა და მაისში გამოსცემს აქტს, ეს ღიმილის მომგვრელია.
”პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ახლა მას უნდა და არ დათანხმდნენ, მაშინ მაისში გამოსცემს აქტს – ღიმილის მომგვრელია, რადგან თუ მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს, ანუ თუ არ მოხდება კონტრასიგნაცია, რა სიტყვაც ახლა ძალიან პოპულარულია, მაშინ უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს. პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები