ლაშა პატარაია: პრივატულობის დარღვევა არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო რესურსებითაცაა შესაძლებელი

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორის ლაშა პატარაიას თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საფრთხე გაიზარდა.
როგორც პატარაიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “პოლიტიკის დრო“ საუბრისას განაცხადა, დღეს უკვე შესაძლებელია, რომ „ვაიბერში“ და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებში კერძო მიმოწერის და კონტაქტის კონტროლი არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო რესურსებითაც მოხდეს.
“ვაიბერი“ მოსმენადია, მოსმენადია ასევე ფეისბუქი, მიყურადებას ექვემდებარება თქვენი ელექტრონული ფოსტა, პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი და უამრავი რამ ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ აქ საკვანძო საკითხი არის უფრო სხვა რამე – თუ ვის მიერ არის მოსმენადი. არის გავრცელებული ერთადერთი აზრი, რომ მოსმენებში ჩართულია ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ გაჩნდა უამრავი საფრთხე კიბერუსაფრთხოების სფეროში და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ეს ტექნიკა, ეს საშუალებები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა უკვე ხელმისაწვდომია არამხოლოდ სპეცსამსახურებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის – ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტი, შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია, ან ნებისმიერი ადამიანი.
ნებისმიერი კადრი, რომელიც გავრცელებულა ჩვენს საზოგადოებაში, ყოველთვის იხილებოდა იმ კუთხით, თუ ვისი ინტერესი იყო ყველაზე მეტად – ეს არასწორია, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ფაქტები მოსაზრებებისგან, აქ არ ჩანდა არასდროს ტექნოლოგიური ექსპერტიზა“, – განაცხადა ლაშა პატარაიამ.
მისი თქმით, პრივატულობის დაცვის საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უფრო და უფრო მწვავდება. პატარაიას თქმით, პრივატულობის დარღვევა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, და ეს შეიძლება საერთოდ არ მოდიოდეს სპეცსამსახურებისგან.
“ტექნიკურ სფეროში დღეს ნაკლებადაა დაცული რაიმე. პროგრესმა მოიტანა ის, რომ ძალიან ბევრი კომფორტი გვაქვს, მაგრამ ეს კომფორტი არ არის უფასო, ეს კომფორტი ღირს პრივატულობის ფასი და პრივატულობის დაცვა სულ უფრო და უფრო ხდება მწვავე. კიდევ ერთხელ მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ მსგავსი პრივატულობის დარღვევა დღეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიერ არ არის შესაძლებელი, აქ ჩართულია უამრავი ჯგუფი, თუნდა ჰაკერები, კრიმინალური ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ძალიან ბევრს დამოუკიდებლად შეუძლია მსგავსი ღონისძიების გატარება“, – აღნიშნა პატარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები